2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად
ჩამოყალიბდა: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და
ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი). – საქსტატმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2019 წლის იანვარი-მაისის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
მასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ისევ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 261.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთიანი ექსპორტის 17.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 207.8 მლნ. აშშ დოლარით – მთლიანი ექსპორტის 14.2 პროცენტი, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 136.7 მლნ. აშშ დოლარით – 9.3 პროცენტი
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 595.7 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი, რუსეთი – 349.6 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი და ჩინეთი – 347.9 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი.
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს (3.6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 938.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.