ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრს ბრალს ხვალ წაუყენებენ

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექიმი-ფსიქიატრის თ.ა-ს ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, პროკურატურა ოფიციალურად ბრალს ხვალ წაუყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, მან დაკავებული ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა, საქმის მასალებს კი ჯერ არ გაცნობია. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვალიფიცირებულ ექიმი-ფსქიატრია, ის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ამ საქმეში არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

,,ეს გამოძიება დღეს არ დაწყებულა, კარგა ხნის განმავლობაში, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მარეგულირებელი კომისია ამ საკითხს იკვლევდა. ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა მასთან გასაუბრება, ჩამოყალიბებული პოზიცია მას ჰქონდა ყოველთვის და დღესაც ვამბობთ, რომ რაიმე სახის დარღვევა მის ქმედებაში არ ყოფილა. ჯერჯერობით ჩვენთვის საქმის მასალები ცნობილი არ არის, როდესაც გავეცნობით, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას და შემდეგ უკვე სასამართლო გაარკვევს, ვის რა დანაშაული და ვის რა ბრალი აქვს ამ საქმეში. მუხლი ოფიციალურად ჩვენთვის არავის არ გაუცვნია, ბრალის დადგენილება არ არსებობს. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. თავად ის კანონმდებლობა, რომლითაც დღეს ექიმები მუშაობენ, იმდენად დაუხვეწავია, რომ სად იწყება პაციენტთან შეხება ან როგორ მიმდინარეობს, ყველაფერი, ეს დასადგენია. ცალსახად ასე რომ ადგე და ადამიანს ბრალი დასდო რაღაცაში, ძალიან დიდ დაკვირვებას მოითხოვს და კარგ ანალიზს, რომელიც სხვათა შორის მარეგულირებელმა კომისიამ ვერ შესძლო. მე როგორც ვიცი, დასკვნა არსებობს, მაგრამ მასთან რაიმე სახის პრეტენზია მარეგულირებელ კომისიას არ გამოუთქვამს“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა.

რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი თ.ა. დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. მიმდინარე წლის 10 თებერვალს, რუსთავში მცხოვრებმა ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე მოკლა. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს ვალერი ირემაძე მეგობრებმა და მეუღლემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მიიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებდნენ, პაციენტის მიღებაზე ადგილების არქონის გამო უარი უთხრეს.

იტვირთბა....