საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია – ეცდებიან, მაგრამ ეს ცალსახა დამოკიდებულება არ არის – ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „სამართლიანობის ხარისხი, რომელიც ბრიუსელმა შემოგვთავაზა, იმ სტანდარტში არ ჯდება, რომელიც ევროკავშირს გააჩნია.“
„კრიტერიუმების, რომლითაც შეიძლება ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, თუმცა როგორც იცით, გაადვილებულიც არის. გადაწყვიტეს, რომ კრიტერიუმად დაასახელონ ის, თუ იქნება თავშესაფრისთვის მიმართვა, საზღვრის კვეთა, ან მესამე ქვეყნებიდან ევროპაში შედინება. რასაკვირველია, ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები გააჩნია და ეს კონტროლი საქართველოს კარგად აქვს აწყობილი, აქ სადაო ნაკლებია. ერთი საკითხი დარჩა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, მაგრამ თვალთმაქცობა და სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა. ესენი ამბობენ, რომ კანონი ნუ უპასუხებს იმას, რასაც ჰქვია – ქუჩაში ცეცხლის დანთება, პოლიციელებზე თავდასხმა, პარლამენტის თუ პრეზიდენტის შენობის რევოლუციური გზით დაკავება. გვეუბნებიან, არ უპასუხოთო და რასაკვირველია, ეს ვერ შესრულდება. რეზოლუციაც ვერ იქნა მიღებული, რადგან სახელმწიფოებს ერთნაირი პოზიცია არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ე.წ. თავმჯდომარის დოკუმენტი მიიღეს, მთელი რიგი ქვეყნები ოპოზიციაში არიან, მათ შორის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო. უნგრეთმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა, რომ რეზოლუციის ბლოკირება მოეხდინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კენჭისყრაზე რომ გამოსულიყო, მას სხვები მხარს დაუჭერდნენ. ასეთივე მდგომარეობაა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. სამართლიანობის ხარისხი, რომელიც ბრიუსელმა შემოგვთავაზა, იმ სტანდარტში არ ჯდება, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაა, რომელიც ევროკავშირის რეგრესზე საუბრობს. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ეცდებიან, მაგრამ ეს ცალსახა დამოკიდებულება არ არის, ევროპაში ასე არ ფიქრობენ. ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
ამასთან, საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

