სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ მსჯელობას, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულების არსებობა, როგორიცა ლგბტ მხარდამჭრები და მათი მოწინააღმდეგეები, აწუხებს არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ ყველას.
„დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ებრაელთა, მუსლიმთა წარმომადგენლები, ასევე სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება. ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს და ეს აწუხება ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
“საზოგადოება შანტაჟში ჰყავს ამ ორგანიზაციას, არც სახელმწიფოს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც ეკლესიის და არც რიგითი მოქალაქეების აზრს და სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ასე ეხმაურება ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას „ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნულია ორგანიზაცია „30 ვერცხლის გამო მაინც ცდილობს, რომ ქვეყანაში მოახდინოს ესკალაცია და დაპირისპირება.”
გუშინ შსს-ში მკითხეს კომბლებზე, სად არის საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?! არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ, არ დაგვჭირდება გარღვევა. საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ, პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების, ამიტომ ქათმების პრაიდთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა განცხადებით, „მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია”.