ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.