ვისაც გიყვართ ამერიკის ელჩს ზურგს უკან ამოფარებულზე ჭიჭყინი მავთულხლართთან და გგონიათ, რომ ეს ჩვენ გვიახლოვებს საქართველოს გაერთიანებასთან, ჩადით, შეხვდით ყველაზე ბობოლა „დერჟიმორ“ და „დერჟავნიკ“ რუსებს და ჰკითხეთ, ვინ არის ლევან ვასაძე. გეტყვიან, რომ ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, დამიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალიო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გამოცხადებული ვარ რუსეთისა და კრემლის აგენტად, ჩემი ქვეყნის მოღალატედ, მაგრამ ეს იმავე იდეოლოგიის, ფსიქიკისა და სკოლის მიერ ხდება, რომლებმაც პუტინის აგენტად გამოაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი და კიდევ უამრავი. მთელ მსოფლიოში პუტინის აგენტები ყოფილან.
მოდით, ვისაც გიყვართ ამერიკის ელჩს ზურგს უკან ამოფარებულზე ჭიჭყინი მავთულხლართთან და გგონიათ, რომ ეს ჩვენ გვიახლოვებს საქართველოს გაერთიანებას, ჩადით თუ ბიჭები და გოგოები ხართ, შეხვდით ყველაზე ბობოლა „დერჟიმორ“ და „დერჟავნიკ“ რუსებს, ყველაზე იმპერიალისტებს, დაუჯექით და ჰკითხეთ, ვინ არის ლევან ვასაძე. ისინი გეტყვიან, რომ ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, დამიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალიო. ისინი გეტყვიან, რომ ეს კაცი ამას ხშირად აკეთებს საკუთარი თავის საფრთხის გარეშე, თავიდან გიჟი გვეგონა, მარტო იმიტომ არის ცოცხალიო, რომ ჩვენსავით „მუჟიკიაო“. მე ასე მესმის ჩემი სამშობლოს მსახურება. დაუჯდე კაცს და დაელაპარაკო პირდაპირ, არ აგინო, არ აფურთხო და ეცადო, შეაგნებინო, რომ შეცდომას უშვებს. რა ნაყოფს გამოიღებს ჩემი ეს მცდელობა ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ყველა ეჭვიანი ლიბერალი ქართველი მაფურთხებს და მაგინებს, არ ვიცი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე იმედოვნებს, რომ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებს.
„ჯერჯერობთ ეს ასე არ არის. ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, რასაც მას სინდისი კარნახობს, მე ასე ვიქცევი. ჩემთვის არის ბევრად უფრო ფართო კანონი, რომელსაც ჰქვია ზნეობის კანონი. ხანდახან ის ემთხვევა ჭინკების მიერ მიღებულ კანონებს, მაგრამ ხანდახან არ ემთხვევა. ჩემი რელიგია არ არის ოთხი წლით შეკრებილი დეგენერატების მიერ მიღებული კანონები. იქ ჭკვიანი ხალხიც არის და კარგიც ხალხიც, მაგრამ ხშირად არიან უწიგნური, გაუნათლებელი, უსინდისო ადამიანები. ნუ მკითხავთ, ვის ვგულისხმობ. იმან იწყინოს, ვინც იცნობს თავის თავს. იმ ზონებში, სადაც მათ მიერ კანონები ეთანხმება ჩვენს მარადიულ კანონმდებლობას, მე ვარ აბსოლუტურად მათი მხარდამჭერი. ყველა ტოტალიტარიზმის სისტემაში ასე იყო, მარქსიზმის დროსაც, როცა მარქსისტული საზიზღარი კანონები ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მრწამსს, ჩვენ მას ვეწირებოდით და ვეწინააღმდეგებოდით. აბა, რისთვის დაგვხოცეს ჩვენ 9 აპრილს. ფაშიზმის დროსაც იგივე ხდებოდა და ჩვენი მშობლები შეეწირნენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
წყარო – საქართველოს პირველი არხი