“პლუტოკრატების მთავრობიდან მოშორება არჩევნებით შეიძლება, თუმცა ძალიან რთულია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს იმგვარ კოალიციებში მოუწევთ შესვლა, რაც მათ და მათ მომხრეებს შეიძლება არ მოეწონოთ.
“მოლდოვის პოლიტიკური რეჟიმი ყველაზე მეტად ჰგავდა ქართულს: აქაც ერთი მილიარდერის, ვლად პლაჰოტნიუკის, არაფორმალური მმართველობა ჰქონდათ (ისიც მმართველი პარტიის ლიდერი იყო, მაგრამ სახელისუფლებო პოზიცია არ ეკავა). საარჩევნო სისტემაც მსგავსია: მისმა პარტიამ ადრე არსებული პროპორციული სისტემა გააუქმა და შერეული შემოიღო. ჰლაჰოტნიუკის მთავრობისთვის კორუფციის განსაკუთრებით მაღალი დონე იყო დამახასიათებელი (ამაში კი გვაჯობა, მგონი).
მისი რეჟიმის ამოყირავებას ძალიან უცნაური და მოულოდნელი კოალიციის შექმნა დასჭირდა: პროდასავლური ლიბერალური ACUM პლუს პრორუსული სოციალისტები. მაგრამ წამყვანი თანამდებობები პროდასავლელებმა დაიკავეს, პრემიერი მაია სანდუა, საგარეო საქმეთა მინისტრად ნიკუ პოპესკუ მოიწვიეს, ვისაც აქ ბევრნი ვიცნობთ. სოციალისტებმა პარლამენტის სპიკერობა მიიღეს.
ცხადია, ჯობდა სოციალისტების გარეშე მოეშორებინათ პლაჰოტნიუკი, მაგრამ ის პოლიტიკური რეალობა, რაც მოლდოვაში არსებობს, უკეთეს ვარიანტს არ ტოვებდა. ამიტომ კარგია, რაც მოხდა, თუნდაც როგორც პრეცედენტი.
ჩვენთვის მოლდოვის შემთხვევა საინტერესო მაგალითია, რადგან ჩვენი სიტუაცია მოლდოვისას, როგორც ვთქვი, გაცილებით უფრო ჰგავს, ვიდრე თუნდაც უკრაინისას. ის აჩვენებს, რომ პლუტოკრატების მთავრობიდან მოშორება არჩევნებით შეიძლება, თუმცა ძალიან რთულია. ოღონდ, ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს იმგვარ კოალიციებში მოუწევთ შესვლა, რაც მათ და მათ მომხრეებს შეიძლება არ მოეწონოთ. თუ იუკადრისებენ, გვეყოლება ბიძინა კიდევ დიდხანს”, – წერს ნოდია.