ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელ “თბილისი პრაიდს” – ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელი

ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი “თბილისი პრაიდს” – განაცხადა ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენელმა, გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ, პრესკონფერენციაზე. მისი თქმით,  ის განცხადებას ტრანსგენდერი თემის წევრების სახელით აკეთებს.

” ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ, რომ არ ვუერთდებით წლევანდელი “თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღონ ზომები ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ როგორც მინიმუმ მშვიდ გარემოში არსებობა.” – განაცხადა რომანოვამ.

მისივე განმარტებით,  2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ თემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება და ამისთვის ყოველთვის მზად იყვნენ, მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.

რომანოვას განცხადებით, ისინი ყოველთვის გვერდით დაუდგებიან თემის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებებს, თუმცა, მიაჩნია, რომ პრაიდზე გასვლა მათ რთულ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს.

“პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, LGBTQ აქტივისტებთან ერთად, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართული უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა , სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძენებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და მთელი ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის მიეღო.

ასევე, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თემის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ღიად მხარს უჭერენ პრაიდს და იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას მტრულად არ მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ” – განაცხადა რომანოვამ.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.

ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

იტვირთბა....