სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტთან მიმართებით “ევროპულ საქართველოს” აქვს 4 პრინციპული შენიშვნა – წერს ოთარ კახიძე საკუთარ “Facebook” გვერდზე.
” 1. მოსამართლეთა არჩევისას კანდიდატისთვის მინიჭებული ქულა კვლავ არ საბუთდება და გაურკვეველი რჩება საბჭოს წევრის მოტივაცია შეფასების პროცესში;
2. მოსამართლეებს არ ეძლევათ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება. ეს ბერკეტი კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აღნიშნულს იყენებს სისტემის გასაკონტროლებლად;
3. მცირდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ვადა 5-დან 3 წლამდე, რაც საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულ შემადგენლობას, მისი უფლებამოსილების ვადაში (4 წელი) დაუსჯელობის გარანტია მისცეს უკანონოდ მოქმედ მოსამართლეს;
4. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება იუსტიციის სკოლაში გადატანის ნაცვლად, კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა თემატური შეუსაბამობისა, სწორედ საბჭოა პასუხისმგებელი საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების გაჟონვაზე, რისთვისაც პროკურატურაში დღემდე უშედეგო გამოძიება მიმდინარეობს.” – წერს ოთარ კახიძე.
ასევე, მისი განცხადებით, პოლიტიკური კონსესუსი მიღწეული არ არის და შენიშვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ.
“ე.წ. მეოთხე ტალღის პაკეტზე არ არის მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსი, რადგან სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ევროპული საქართველო, ვეწინააღმდეგებოდით ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე პროექტის დამტკიცებას.
პაკეტთან ასევე შენიშვნები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.” – აცხადებს ოთარ კახიძე .