ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი – განაცხადა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე საუბრისას.
“ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა როგორც პრეცედენტი სამწუხაროდ, როგორც შანტაჟის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის. ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, რომელიც მოხდა ადამიანების შანტაჟი, სწორედ მათი ოჯახური საიდუმლოებებით თუ უკანონო ჩანაწერით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდები ამ დრომდე იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შს მინისტრის მხრიდან საჯარო სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო. თუმცა, ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი. იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა ჩემი გაჩერებისთვის და დადუმებისთვის. თუ ეს ასე არ არის, დამიმტკიცონ სხვა რამ, მაჩვენონ სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელად, რა ხდება,“ – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრებს.
“ჩვენ გვაქვს ყრილობა 20 ივნისს ახალი პარტიის დაფუძნების და მე არ მინდა, ყრილობამდე ამ თემებზე უფრო მეტი დეტალის თქმა და საუბარი, თუმცა, ყრილობის შემდეგ, მე ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროკურატურის და შსს-ს პირველი პირების მხრიდან უკვე მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია,“ – განაცხადა ბესელიამ.