ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა – დავით ბაქრაძე მაიკ პომპეოს გზავნილებს გამოეხმაურა

ასეთ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე საჯაროდ ხდება პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც გააჩნია სერიოზული პრობლემები – „ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს გამოეხმაურა.

„პომპეოს გზავნილებში მკაფიოდ ჩანდა ორი ბლოკი. პირველი – ეს არის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენი უსაფრთხოების, ნატო-ში გაწევრიანების, ქვეყნის ერთიანობის მიმართ და მეორე – ღია შეშფოთება და სიგნალი ხელისუფლებას ისეთ თემებზე, როგორიც არის: არჩევნები, სასამართლო, პარლამენტის როლი და ანაკლიის პორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქმე მიდის ძალიან კარგად ჩვენს მთავარ პარტნიორთან, მაგრამ “ქართული ოცნების” საქმე კარგად არ მიდის. რაც უფრო კარგად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომელიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მით უკეთესია მათთვის. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა. როდესაც ასეთ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე საჯაროდ ხდება პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც გააჩნია სერიოზული პრობლემები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და სტრატეგიული პროექტი ანაკლიის პორტი,”- განაცხადა ბაქრაძემ.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც აშშ-მა საქართველოს მთავრობას მისცა.

იტვირთბა....