შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ხელს მაქსიმალურად უწყობს.
დედაქალაქის მერმა შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის მიმართულებით თბილისის მერიის აქტივობებზე, ასევე, შესაბამის პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, ჯანდაცვისა თუ სპორტის არაერთი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.
„ის, რომ შშმ პირების საკითხი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გაკეთებული საქმით დასტურდება. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ქალაქში ვახორციელებთ. ამ პროექტებს ვახორციელებთ ისე, რომ ყოველთვის ხდება ადაპტირება შშმ პირებისთვის მათივე ჩართულობით. ასევე, ადაპტირებულია ყველა ახალი ავტობუსი და მომავალში შეძენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება იქნება ასეთივე. რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში 192 შშმ სპორტსმენი გადის მომზადებას. ამ ცენტრმა სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს პარასპორტსმენთა წარმატებაზე საერთაშორისო დონეზე, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად სიამაყის საფუძველია. მათ მომავალშიც ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყონ. ამ თემაზე საუბრის დროს, უნდა შევეხო მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას. საქართველოს პარლამენტმა 29 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების პარკირება შშმ პირის სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დაჯარიმდება 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა). ეს გაზრდილი ჯარიმა ძალაში 13 ივლისიდან შევა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიაში 10-მდე პროგრამა მუშაობს, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მაქსიმალური უზრუნველყოფისკენაა მიმართული. აღნიშნული პროგრამებისთვის ყოველწლიურად, 7 927 000 ლარია გამოყოფილი და 4 650-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სარგებლობს.