ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს განცხადებები არის უაღრესად საგანგაშო – მაიკ პომპეოს შეფასებას თბილისში გამოეხმაურნენ

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს  შეფასებას “ქართული ოცნების” ხელისუფლების მისამართით,  რომელიც მან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა, თბილისშიც ეხმიანებიან.

“ეს გზავნილები არის ძალიან საგანგაშო. ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ჩათვალა აუცილებლად ამ გზავნილების საჯაროდ გაჟღერება, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ეს გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას დახურულ კარს მიღმა მრავალჯერ აქვს მიღებული, მაგრამ როგორც ჩანს არ აქვს შესრულებული ის რეკომენდაციები, რასაც აქამდე ღებულობდნენ,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მაიკ პომპეოს გზავნილები საგანგაშოდ მიაჩნიათ “ევროპულ საქართველოშიც.” გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ამით ცალსახა დავალება მიიღო, რომ არჩევნები დემოკრატიულად  ჩატარდეს.

“ეს განცხადებები არის უაღრესად საგანგაშო. განსაკუთრებით ის, რაც ეხება სასამართლოს და დემოკრატიას. ეს ეხება ქვეყნის ფუნქციონირებას, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვალდებულია ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები 2020-ში,”-აცხადებს გიგი უგულავა.

მაიკ პომპეომ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებასაც საქართველოსგან ითხოვს. ერთ-ერთი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანაა. პომპეომ, ასევე,  ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობასაც.

“დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

იტვირთბა....