საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „გლობალ ფაინენსმა“ (Global Finance) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.
„გლობალ ფაინენსი“ აღნიშნული შეფასებისას დაეყრდნო ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, ქვეყანაში კორუფციის აღქმას, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტების მიხედვით ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას შორის მოხვდა.
2018 წელი მრავალი ეკონომიკისთვის გარდამავალი წელი აღმოჩნდა ვალუტის მერყეობის, სასაქონლო ფასების კლების და ინვესტორთა ნდობის შემცირების კუთხით, რაც “გლობალ ფაინენსის” შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის და შიდა პრობლემებით იყო გამოწვეული, თუმცა, ამ ფონზე საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ შთამბეჭდავი ზრდა და ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „გლობალ ფაინენსი“ საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნესგარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ევროკავშირთან ძლიერი კავშირებით.