„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75 პროცენტი. კალაძის განცხადებით, ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 37,5 პროცენტი.
“მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა, მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75 პროცენტი. აქედან 62,5 პროცენტი არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5 პროცენტი – ბატონი შალვა შავგულიძის. ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო. ძალიან დიდია სხვაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა”, – განაცხადა კალაძემ.