ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოლდოვის პოლიცია ახალ მთავრობას არ აღიარებს

მოლდოვის პოლიცია ქვეყნის ახალ მთავრობას არ აღიარებს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში მოლდოვის გენერალური კომისარიატის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პანზირმა განაცხადა.  ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიცია პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობას ემორჩილება.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. თუმცა, დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი იგორ დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას დროებით ჩამოაშორა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პაველ ფილიპს დაავალა, ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა.

რაც შეეხება პარლამენტს, მათ პაველ ფილიპის მთავრობა „უზურპატორად“ გამოაცხადეს.

იტვირთბა....