არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს წერილობით მიმართა. ისინი ითხოვენ, რომ მინისტრის ბრძანების ნორმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების დანამატების ეხება, კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს.
2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს დანამატი ეძლევათ.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეს დანამატი მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო 2016 წლის 18 აპრილიდან 405 ლარია, შესაბამისად, მაღალმთიან სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელმა ამ კანონის თანახმად 142 ლარზე ნაკლები დანამატი არ უნდა მიიღოს.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მასწავლებლებისთვის დანამატის არასრულად გაცემის გზით სახელმწიფომ ბიუჯეტში 2018 წელს 7 მილიონ 485 ათასი ლარი დაიტოვა, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას 2016 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით, 142 ლარიანი დანამატი მასწავლებლებმა უნდა მიიღონ მხოლოდ სრული დატვირთვის შემთხვევაში, ხოლო თუ მათი დატვირთვა დადგენილ განაკვეთზე ნაკლებია, დანამატიც პროპორციულად მცირდება.
„მწვანე კავკასია“ თვლის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის კანონმა დაადგინა დანამატის მინიმალური ოდენობა, რომელიც საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან იანგარიშება და უნდა ეძლეოდეს ყველა მასწავლებელს, მისი საათობრივი დატვირთვის მიუხედავად. ამ მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტების შემცველი წერილი ორგანიზაციამ my.gov.ge საიტის მეშვეობით მინისტრ ბატიაშვილს დღეს გაუგზავნა.