პარლამენტის დეპუტატის, რომან კაკულიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გარკვეულ წილად საზოგადოების დაკვეთაც იყო. ამის შესახებ მან გენერალურ პროკურატურაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
“პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როგორც ჩანს, მყისიერად მიღწევადი ფაქტორი არ არის. ამას სჭირდება გამოცდილებაც, წლებიც, საზოგადოების უფრო მყარი ფორმირება, რათა ის რეაგირებდეს უფრო მყისიერად ნებისმიერ მისთვის მიუღებელ გამოწვევაზე და მხოლოდ არჩევნებზე რომ არ მოდიოდეს. დახვეწადი პროცესია. ვფიქრობ, რომ გამოწვევები ისევ დარჩება, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ იქნება გაუმჯობესება. ამის იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს. საზოგადოებისა და მთავრობის დამოკიდებულება დღეს არ არის სტანდარტული”, — განუცხადა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144 პირიდან ერთ-ერთია მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, გენერალურ პროკურორად ბიძინა ივანიშვილი დაახლოებული პირი დაინიშნება.