“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატი, რევაზ სოხაძე პროფესიულ ავტორიტეტს გულისხმობდა და არა კრიმინალურს.
ამის შესახებ ვოლსკიმ “ტაბულას” განუცხადა.
გია ვოლსკიმ ტაბულას უთხრა, რომ სოხაძეს არ იცნობს და არც მისი განცხადება უნახავს. ჟურნალისტმა დეპუტატს სოხაძის ციტატა წაუკითხა:
“თუკი ჩვეულებრივი ადამიანი რაღაც გარკვეულ ავტორიტეტს ფლობს მეზობლობაში და ეს ავტორიტეტი შექმნილი აქვს თავისი პროფესიით, თავისი სიბრძნით, დამოკიდებულებით, პატრიოტიზმით ქვეყნის მიმართ, რასაკვირველია ამ ავტორიტეტს გულისხმობდა ის ადამიანი. მისი პასუხი, მე მეჩვენება, რომ არის ინტერპრეტირებული, მით უმეტეს, როცა ჩემთან საუბარი დაიწყეთ, აღნიშნეთ, რომ მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები კარგია თუ ჩართულები არიან, რაც იმ ადამიანს არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თქვენი ინტერპრეტაციაც ჩვეულებრივი ამბავია და გსურთ ადამიანი გამოიყვანოთ სულელად. თითქოს შეიძლება ვინმემ გინდ ქართული ოცნებიდან, გინდ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა თქვას, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობა, საერთოდ კრიმინალური ატმოსფერო არის ნორმალური”, – ამბობს დეპუტატი.
ტაბულამ ვოლსკის განუმარტა, რომ რევაზ სოხაძემ ასე სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების არჩევნებში ჩართულობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა “რუსთავი 2-თან” და არა ზოგადად, მოსახლეობაში ავტორიტეტის მქონე ადამიანებზე.
“ასეთი რამე იმ ადამიანს არ უთქვამს და თუ მან დაახლოებით მაინც ეჭვი გაგიჩინათ, მაშინ კეთილი ინებეთ და ჰკითხეთ ახლიდან, რომ არ დარჩეს ინტერპრეტაციის საშუალება. ჩემი აზრის შესახებ მკითხეთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ვიღაცის ნათქვამზე მე ნუღა დამირეკავთ”, – აღნიშნა დეპუტატმა.
ტაბულამ მას ჰკითხა არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულების შესახებ ინფორმაციაზეც, რასაც ვოლსკი არ ადასტურებს.
“კრიმინალური ავტორიტეტები აქ არ მონაწილეობენ, არაფერ შუაში არიან და კრიმინალური ავტორიტეტები არიან ციხეში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტად არის ცნობილია ან ეს მისი “პროფესიაა”, ჩვენი კანონმდებლობით ექვემდებარება გასამართლებას და ასეთი დღეს გაცილებით ბევრია, ვიდრე იყო”, – თქვა დეპუტატმა.
ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ, მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო მონაწილეობას.