ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 800 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგება კედელი, მოეწყობა დეკორატიული ღობე და განახლდება მემორიალი.
გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი და ლამაზი სკვერი შეემატება. სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებული სკვერის რეაბილიტაციას განვახორციელებდით და სამუშაოები დავიწყეთ. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არაერთ მისამართზე მიმდინარეობს და წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ლამაზი სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩვენი ჯგუფი“ ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 129 921 ლარია გათვალისწინებული.