ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი ბაღების მშენებლობის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს დამატებით, 1 500-მდე ბავშვი შეძლებს.

„ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს ბაღში სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბაღების რაოდენობა გაიზარდოს, მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტ მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში ატარონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობაში, რომელსაც ვახორციელებთ, აუცილებლად გათვალისწინებულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....