ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალეკო ახალაძე, ამბობს, რომ მას “არ უტყდება” ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომელმაც ირონიული კომენტარით გოგოს არასრულწლოვანი დის ტრაგიკულად გარდაცვალებაზე დასცინა.
“ნანა კოსტავამ ცოტა, ცოტა კი არა, ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას იმ გამონათქვამს, ჩემთვის მიუღებელია ცალსახად, მაგრამ ერთმა ისიც მითხრა ჟარგონით, არ გიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნაო? მე არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა. პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალურ პარტიასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან, მაგრამ იძულებული ვარ,”- თქვა ახალაძემ.
“ქართული ოცნება – კონსერვატორების” წევრი ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატს ამ დრომდე იკავებს. თავდაპირველად მან თქვა, რომ ორშაბათს, 3 ივნისს გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერდა, თუმცა 3 ივნისს თქვა, რომ გადაიფიქრა საკრებულოს დატოვება.
ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა 30 მაისს იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი და დაეღუპა. ნანა კოსტავა, ამბობს, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
კოსტავას ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ოცნების დეპუტატის გადაყენების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.
ამის შემდეგ, 31 მაისის სხდომაზე, ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს, ასევე, გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდან, თუმცა, ის კვლავ რჩება საკრებულოს და ფრაქციის წევრად. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ თქვა, რომ მან ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა ურჩია. მისივე თქმით, “პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო. შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი”. დეპუტატის განცხადებები დაგმო თბილისის მერმაც. ამის შემდეგ, ნანა კოსტავამ თქვა, რომ საკრებულოს “აუცილებლად” დატოვებდა და განცხადებას, სავარაუდოდ, 3 ივნისს დაწერდა.
აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავა ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც. 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც 30 მაისს.
“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,” – წერდა კოსტავა.