„თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საუბრისას, სადაც სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით მომზადებულ კანონპოექტს განიხილავდნენ.
„რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიგო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები – თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით – პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი“, – განაცხადა ქანთარიამ საკომიტეტო განხილვისას.
კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმქრობითა და პირველადი დახმარების ჩანთით.
გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით; მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება. მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე. მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.