პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ხორავას საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას აფასებს და აცხადებს, რომ ახლა მთავარია ის პირი დაისაჯოს, ვინც სიმართლის დადგენას უშლიდა ხელს.
ხუხაშვილის თქმით, ახლა სამართლის ურმით სიარულის დრო არ არის.
“ერთი მხრივ, კარგია, რომ ხელისუფლება ამ თემის დახურვას ცდილობს. თუმცა, კი არის ნათქვამი სამართალი ურმით მოდისო, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა და სამართლის ურმით სიარული ჩვენ არ გვაწყობს. სამართლიანობა უნდა დგებოდეს მაშინ, სანამ პოლიტიკური რისკები დადგება და ამაში მთელი საზოგადოება ჩაერთვება. ეს არის ხელისუფლების ფუნქცია და მეტი არაფერი. ეს ხინჯი მთელ ამ ისტორიას თან ახლავს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს.
ახლა მთავარი კითხვა ჩნდება – რატომ მოვიდა სამართალი ურმით და ვინ უშლიდა ამ ყველაფერს ხელს. მთავარი დამნაშავე სწორედ ის არის, ვინც ხელს უშლიდა. ჩვენ თუ გვინდა პრევენცია, რომ მომავალში დანაშაულის დაფარვა არ ხდებოდეს, მთავარი დამნაშავე მთელი ამ დრამატული პროცესის, თავისთავად ტრაგედია ხომ არ იყო მარტო დრამატული – დრამატული პროცესი მიდიოდა წელიწადნახევრის განმავლობაში და ამ ყველაფერში ბევრი მხარე მონაწილეობდა. ეს რომ არ განმეორდეს, მთავარია დაისაჯოს ის, ვინც სამართლის დადგენას უშლიდა ხელს, რათა მსგავსი ქმედება მომავალში ვერავინ გაბედოს”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.