ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის თითოეული გუბერნატორის გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.
IDFI-მ გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ კვლევა დღეს გაასაჯაროვა.
ამავე კვლევის თანახმად ირკვევა, რომ:
- 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;
- ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული.
- გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;
- 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;
- 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;
- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრი საწვავი; 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;
- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს; თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას.
- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს.
- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.
ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.
ანალიზის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:
https://idfi.ge/public/upload/IDFI_2019/luminate_good_governance_project/Research_GEO.pdf