ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეიძლება, ექსკურსიები აიკრძალოს, რისკები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე” – მინდაძე

საზოგადოებაში წამოვიდა ტენდენცია, რომ ექსკურსიები და ლაშქრობები სულ მოიხსნას, მაგრამ ეს არ შეიძლება, – განაცხადა 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ “პირველი არხის” ეთერში საუბრისას.

„ეს არაბუნებრივია. არ შეიძლება, ადამიანის ცხოვრებიდან ასეთი მნიშვნელოვანი რამ ამოიღო. ჩვენ რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. რისკი სახლიდან გამოსვლის დროსაც არსებობს და ყოველთვის; ადამიანები ვართ და რისკის ქვეშ ვცხოვრობთ“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ექსკურსია, ბოლო ხანს დროის გასატარებელ და ხშირად, მშობლების დროის გასატარებელ ადგილად გადაიქცა, მაშინ, როცა ის შემეცნებითი, სასწავლო აქტივობაა.

„ექსკურსია ისეთივე შემეცნებითი, სასწავლო აქტივობაა, როგორც ნებისმიერი გაკვეთილი. ამიტომ, ის ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – მასალას, საგანს, დროს და ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

მინდაძის თქმით, ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება და როდის ვერა ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ პასუხისმგებელმა პირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

„რად მინდა დიდი რეგულაციები, ბრძანებები და თითის ქნევა, როდესაც მეც ვიცი, რომ როცა ბავშვები სადღაც მიგვყავს, ავტობუსი გამართული უნდა იყოს. მეც ვიცი, რომ როცა ბავშვი სადმე მიმყავს, იქ ადრე უნდა ვიყო ნამყოფი და ვიცოდე, სად მიმყავს. ნაფიქრი უნდა მქონდეს. ამას არ სჭირდება ის, რომ ვიღაცამ მაინცდამაინც, თითი დამიქნიოს და მითხრას, ეს გააკეთეო. თუ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ, მაშინ რა მინდა სკოლაში და რა მინდა ბავშვთან“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

მან ასევე დაამატა, რომ სკოლაში ისეთი ხალხი უნდა მივიდეს, ვისაც მასწავლებლობა და ბავშვთან ყოფნა უნდა, რადგან უპირველესი ეს არის.

„პირველი ეს არის, თორემ კარგი გეოგრაფი და მათემატიკოსი შეიძლება, ბევრი იყოს. მოვიდეს ის, ვისაც შეუძლია ბავშვთან ყოფნა და ვინც იცის, რომ სკოლაში მთავარი ბავშვია და არა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ მინისტრი“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

იტვირთბა....