სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან “ქრონიკას” ექსკლუზიურად განუცხადა.
მისი თქმით, არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.
როგორც კოსტავა ამბობს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოსთან 30 მაისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.