ბოდიში და, ეს არის გათახსირებულების ქვეყანა. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ პროცესებს გათახსირებულები მართავენ. ოჯახი განადგურდა, 5 წლის ბავშვი დარჩა უპატრონოდ და რა ნამუსით უნდა იაროს ამ მამაცხონებულმა ქუჩაში?!, – ამის შესახებ ავტოავარიისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირმა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლოს დასრულების შემდეგ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც “კვირის პალიტრას” პაპასკირმა განუცხადა, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და საქმე აუცილებლად გადავა სააპელაციოში.
“ელემენტარული, ნამუსის ძარღვიც ხომ არსებობს? პირობით სასჯელს მაინც ველოდი, ბოლომდე არ მჯეროდა ასე სუფთად რომ გამოვიდოდა ეს თავხედი!
ესენი არიან ბინძური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის სიკვდილს ასეთი თვალით შეხედონ. აბსოლუტურად არაფრად გთვლიან და მე რატომ უნდა ჩავთვალო რამედ? ვერ წარმომიდგენია, ასეთი უსამართლო და მახინჯი სასამართლო სად შეიძლება კიდევ იყოს? სამი წელი გვაწამეს და შედეგი? – გაამართლეს, ბიჭი დამნაშავე არ ყოფილა…
ზემოქმედება კანონის ძალით გაგრძელდება. ესენი დიდხანს არ დარჩებიან, მოვა სხვა მთავრობა და 10 წელიც რომ გავიდეს, ბრძოლას თავს არ დავანებებ. ამ თავხედმა და გაურკვეველმა პიროვნებამ უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია! ელემენტარულად რომ ეთქვათ, ეს კაცი ამის და ამის გამო იყო დამნაშავეო, ვინ იყო ხმის ამომღები? ყველას შვილს ჯვარი სწერია, მაგრამ მსგავს შემთხვევაში ვერავინ იპოვის სამართალს და ვისი და რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს?
ეს არის საშინელი პრეცედენტი. აი, მაგალითად თქვენ, ამის მერე არ გაქვთ უსუსურობის შეგრძნება? ამ სამართლით ეს ქვეყანა ვერ შედგება, ამათი გაგონებაც არ მინდა! ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და თანაც, გაათმაგებულად, თავს და ოჯახს აბუჩად არავის ავაგდებინებ!”, – განაცხადა პაპასკირმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000- ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.
საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეც.