ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ დეპუტატ ნანა კოსტავას აღარ გააშუქებენ. განცხადების ტექსტს რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელია. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
“ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ნანა კოსტავას მიერ არაერთგზის გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენით მოტივირებულ და ჰომოფობიურ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა”, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში, ნანა კოსტავამ, საკუთარ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.
მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.