მინდა, დავადასტურო, რომ ფოთის პორტის, “აიპიემ ტერმინალის” მიწის ნაკვეთის გამოყენების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემ მიერ იყო მიღებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ კაკაურიძემ ისაუბრა.
კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამასაც ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული“, – განაცხადა გრიგოლ კაკაურიძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.