“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა,
როგორც ლევან ახვლედიანი განმარტავს, ცალსახაა, რომ არსებობენ ძალები, მათ შორის ხელისუფლებაში, რომლებიც ანაკლიის პორტის ხელის შეშლის მიზნით მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ.
„მე გამოვრიცხავ, რომ ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული, მაგრამ განვითარებული მოვლენები ის, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს ცალსახაა“, – აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.