დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შეფასებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გუნდთან ერთად მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები.
მისივე თქმით, ქვეყანა კანონების გარეშე იმართება.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ნებართვები ისე გაიცემა, რომ თურმე არც ეკონომიკის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცის. ჩვენ რის გამოც შიგნითაც და გარეთაც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ ყველაფერი მოახერხა, ქვეყანა კანონგარეშე დაეტოვებინა. ქვეყანა კანონების გარეშე იმართება. პარტიის თავმჯდომარე თავის გუნდთან ერთად მაფიოზურ სახელმწიფოს აშენებს და მაგიდასთან უზის ოდიოზური ბიზნესმენები, მათგან ერთ-ერთის ინტერესი ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი პორტის დაწყება იყო. ყველამ კარგად ვიცით, ეს ნებართვა ვისთვის გაიცა. ამას 7 ივნისს ქალბატონ თურნავას, როდესაც ის პარლამენტში მოდის, ყველაფერზე პასუხს გავაცემინებთ“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ვფიქრობ, რომ თურნავა აუცილებლად უნდა გადადგეს, რადგან ის არის დანიშნული იმ ოდიოზური ბიზნესმენების მიერ და იმ კორუფციული ინტერესებითაა დანიშნული, რომ ხელი ზუსტად ასეთი პროექტებისთვის მოეწერა, მაგრამ რადგან ახლა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ჩვენი პარტნიორებისგან მწარედ მოხვდათ, ეს ბრძანება დღეს გააუქმებინეს და ეს ადამიანი მოიშორეს. ხელი შეახოცეს ადამიანს, რომელსაც ალბათ მინისტრს რომ ხედავს, ეშინია. წარმოგიდგენიათ, რომ სტრატეგიული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელსაც პარლამენტის ლეგიტიმაცია სჭირდება, ასეთი გადაწყვეტილება რომელიმე ჩინოვნიკმა მიიღოს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის შეკითხვის ან პარტიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე? ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს სამარცხვინო ქვეყანაა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამოჩემებული ჰყავს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ პარტიის თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძე ამოჩემებული ჰყავს. ანაკლიის პროექტიც ამოჩემებულია, რადგან ის ამ პროექტს თავისად არ თვლის. მას ყველაფერი თავისთვის უნდა ამ ქვეყანაში. მან გადაწყვიტა მისი კარის ბიზნესმენებისთვის დაეჭირა მხარი. ნათია თურნავა 7 ივნისს რეგიონული პოლიტიკის და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტში მოსვლისთანავე მთავრობიდან უნდა წავიდეს, რადგან კორუმპირებული წარსულის პოლიტიკოსი და ოდიოზური ბიზნესმენების დანიშნული ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც არაფერი სახელმწიფოებრივი არ გააჩნია, მხოლოდ ბრძანებების შესრულებით მოქმედებს, ასეთი ეკონომიკის მინისტრი არავის არ სჭირდება. 7 ივნისს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ამ კორუმპირებული მექრთამე წარსულის მქონე ეკონომიკის მინისტრის მიმართ პირდაპირი მნიშვნელობით შტურმი იქნება“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.