ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ის სხვადასხვა მთავრობისა და მინისტრის დროს მუშაობდა და ემსახურებოდა არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, არამედ ქართულ ეკონომიკას.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რას უპასუხებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ მინისტრად ვანო ჩხარტიშვილის სურვილით დაინიშნა, თურნავა პასუხობს, რომ მინისტრად პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნა და სხვა რეკომენდატორი არ ჰყოლია.
„ვანო ჩხარტიშვილი არის ჩემი ერთ-ერთი მინისტრი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი 20 წლის წინ, ისევე, როგორც ცხრა სხვა მინისტრი მყავდა. აქედან გამომდინარე, დავინიშნე მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ამ თანამდებობაზე მე სხვა რეკომენდატორი არ მყოლია. სხვადასხვა მთავრობის და სხვადასხვა მინისტრის დროს ვმუშაობდი. ეს მე არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, რადგან ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ ეკონომიკას და არა, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კონკრეტულ მინისტრს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.