ჭავჭავაძის გამზირზე ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია და ის ყველასთვის საჩვენებელი ქუჩა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ფუნდამენტურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, ეს ქუჩა მძიმე მდგომარეობაშია და ვინც ავტომობილით გადაადგილდება, დაკვირვებულია, როგორი ჩავარდნებია კონკრეტულ ადგილებზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქუჩა მთლიანად მოწესრიგდეს. პირველი ეტაპი ეს არის – მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა, მოასფალტება, ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა-გალამაზება, დამატებითი მწვანე სივრცეების შექმნა, ახალი სანათების განთავსება თავისი ლედ-ნათურებით, სანაგვე ურნების მიწის ქვემოთ ჩატანა და სეპარირება“, – თქვა კალაძემ.
მისი თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, ხოლო ვადებს რაც შეეხება, „არავინ იცის, მიწისქვეშ რეალურად რა ხდება და ამიტომ, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რადგან მას შემდეგ, რაც გამზირი დაიქსელა, რეალური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. თუმცა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სამუშაოები რაც შეიძლება, სწრაფად დამთავრდეს.”
მერმა ასევე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია.
„ეს ყველაფერი ბიუჯეტში არის აღწერილი. დღეს თბილისის ბიუჯეტი მილიარდზე მეტია და ასეთი მაღალი ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს ჰქონია“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქუჩების რეაბილიტაციისას მოხდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა – საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგება.
„უფრო მარტივი და სწრაფი იქნებოდა მხოლოდ ასფალტის აღება და შემდეგ თავიდან მოასფალტება, მაგრამ ეს ნახევრად გაკეთებული საქმე იქნებოდა. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდებოდა და ათი დღის თუ ორი კვირის შემდეგ თავს იჩენდა ფუნდამენტური პრობლემები; ხდებოდა ისევ გადათხრა, რაც სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა პირველ რიგში, მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, ხარჯების თვალსაზრისით გაუაზრებელი იყო“ – განაცხადა კახა კალაძემ.