“ევროპულმა საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებს ვანო ზარდიაშვილსა და დავით მათიკაშვილს მიმართა და სულებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.
ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის ამომრჩეველმა ზუსტად გაარჩია, სად არის შავი და სად არის თეთრი, ზუსტად გაარჩია და თქვა, რომ არა, მურუსიძესა და ივანიშვილს არ მივცემთ ხმას და შალვა შავგულიძეს მივცემთ ხმას.
„მაინტერესებს მათიკაშვილ-ზარდიაშვილი, უბიოგრაფიო ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას. სად იყავით მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, ებრძოდა ქუჩაში, ებრძოდა პოლიციის წინააღმდეგ, ებრძოდა სტრასბურგში და მოუგო, თქვენგან განსხვავებით.
სად იყავით, როგორ იღებთ საერთოდ ხმას. მეორე, სად იყავით, როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ახლა, რამდენიმე დღის წინ, გირგვლიანის მოსამართლე უვადოდ დანიშნეთ, როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ჯალათი გირგვლიანის საქმის – მურუსიძე გამოფენილი გყავთ პოლიტიკურ აქტივისტად, აქებთ, ადიდებთ, გადაფარებული ხართ ყველას და სისტემას ასვამთ თავზე. როგორ ბედავთ საერთოდ გირგვლიანის ხსენებას და რაც მთავარია, ყველამ ხომ ვიცით რისთვის ვაჭრობთ გარდაცვლილი ადამიანით, რომ ერთ ადგილზე არ შემოვიდეს პარლამენტში წესიერი ადამიანი, რომ ერთი ადგილი არ დათმოთ. აი, ამისთვის გიღირთ, რომ უბრალოდ, ივაჭროთ სულებით. ეს ხომ წარმოუდგენელი უტიფრობაა.
შავგულიძე ებრძოდა უსამართლობას მაშინ, ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ პირველივე ნიშნების დროს და თქვენ – არა. თქვენ ემსახურებოდით და ახლაც აგრძელებთ ამ უსამართლობის სამსახურს. ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი გამოდიოდა ამ ტრიბუნიდან და იძახდა, გამოვიწვიოთ საბჭოდან მოსამართლეები. გუშინ ამ თემაზე როცა დავიწყეთ დისკუსია, ზარდიაშვილი გვიტრიალდებოდა და მეგის ქარდავაზე გველაპარაკება. რა მორალზე ან რა პრინციპზე, რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი. მურუსიძეს ამოეფარეთ და მურუსიძე გინდათ, ჩამოასვათ თავზე მუდმივად ქართულ სასამართლო სისტემას. ვერ გაექცევით პირველ რიგში არჩევნების გზით”, – განაცხადა ხოშტარიამ.