ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათია, 16 წლის გოგოს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გურგენიანის ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს სავარაუდოდ ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.
ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში.
ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.