25 მაისს, 12:00 საათზე, კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებას მართავს, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.
ტერიტორიაზე პირველ დღეს 1000-მდე, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში, 6,9 ჰექტარზე, ჯამში, 7600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება, მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, საპნის ხე, ნუში, ჰიმალაის კედარი და ელდარის ფიჭვი.
გამწვანების სამუშაოების მიზანია, ტყის აღდგენის გზით, ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობა.
ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მერის მოადგილეები, თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.