ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბოლნისის პოლიციაში 16 წლის მოზარდის სავარაუდო წამების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბოლნისის პოლიციაში 16 წლის მოზარდის სავარაუდო წამების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო წამების ფაქტზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოიკითხა ბოლნისის პოლიციის ექვსი თანამშრომელი, მათ შორის ბოლნისის პოლიციის ყოფილი უფროსი.

„ამასთანავე, 2019 წლის 21 მაისს, არასრულწლოვან თ. ა. ს.-თან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მიუთითა დაკავების ადგილი და პოლიციის შენობაში არსებული ის ოთახები, სადაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს არასრულწლოვან თ.ა-სთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – პირის ამოცნობა.

16 წლის მოზარდი, რომელიც ბოლნისის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს, დღეს ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც ამოცნობის პროცედურა განხორციელდა.

იტვირთბა....