სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპილოტე პროქტი განხორციელდება, რომელიც რეაბილიტირებულ გამზირზე სანაგვე ურნების მიწის ქვეშ განთავსებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საპილოტე პროექტის განხორციელება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დაავალა.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალში სხვა რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გამზირებზეც განხორციელდება.
„უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩვენ მთლიანად ვაწესრიგებთ ამ გამზირს თავისი კომუნიკაციებითა თუ გარე განათებებით, საფეხმავლო ბილიკებით და ავტობუსის ზოლებით. ამ პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას მინდა, საპილოტე პროექტის განხორციელება დავავალო, რომლის მიხედვითაც, სანაგვე ურნებს, რომელიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არც ვიზუალურად არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე, გზაზე განთავსებული ურნები და უამრავ სხვადასხვა პრობლემასაც ქმნის. შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.