ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ მიაყენონ ზიანი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

„კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25-პროცენტიანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

„ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების სამი წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას“, – აღნიშნავენ „ჯორჯიან მანგანეზში“.

კომპანიის განცხადებით, დღევანდელი გაფიცვით დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა.

„იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, – ნათქვამია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელები არიან გაფიცულები.

იტვირთბა....