პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში, კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თ.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დ.ა., ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ო.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გ.დ. და მათთან დაახლოებული პირები ა.კ. და თ.მ.
„ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თ.მ.-სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, მეგობარ ლ.ბ.-სთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მ.-ს სუფრის წევრები.
დ.ა.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გ.ა.-მ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ა.ღ.-მ და დ.ქ.-მ, ქუჩაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი და ლ.ბ. ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიტაცეს, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით იქნა ნაპოვნი 2006 წლის 28 იანვარს.
საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო ალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ.ა.-ს ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ი.მ.-ს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.
2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენ ი.მ.-ს უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გ.ა., კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ა.ღ., მ.ბ. და ა.ა., რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ა., ა.ა., მ.ბ. და ა.ღ. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.ა.-ს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მ.ბ.-ს, ა.ა.-ს და ა.ღ.-ს – ექვსი წლით და ექვსი თვის ვადით.
ა.გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბ.ა.-ს ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.
მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ი.მ.-ს, ბ.ა.-ს და დ.ა.-ს მიმართ, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.