პირდაპირი ტრანსლირება მოხდება თითოეული საარჩევნო უბნიდან, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ და რაც ყველაზე ნოუჰაუ არის და მთავარია, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ტერიტორიის გარეთ, რადგან საარჩევნო უბნის ტერიტორიის გარეთ ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლებზე ზეწოლა. ამიტომ თითოეული ასეთი საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით გავაკონტროლებთ მიმდებარე პერიმეტრს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, იგეგმება კომისიის წევრების გაძევება უბნებიდან და საარჩევნო პროცესიდან მათი ჩამოშორება.
„მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საოლქო საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ პირობები, რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული გაძევების აქტი, რადგან არ მოხდეს ამ ფორმის გამოყენება სწორედ პოლიტიკური ნიშნით და არ მოხდეს სწორედ ჩვენი კომისიის წევრების და წარმომადგენლების გაძევება. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ თამარ ჟვანიას, რომ დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების, დღეს პრაქტიკულად საქართველოს ბედი წყდება ზუგდიდში, ამიტომ უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა აქ არჩევნების ნორმალურად და კანონის შესაბამისად ჩატარებაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ადგილზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჩავიდეს.
„ეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც მირანდა მესხს და არც ამ შემადგენლობის იმედად უნდა ვიყოთ, ზუგდიდის მერის არჩევნები ამ შემადგენლობის იმედად ვერ იქნება, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა აიღოს საარჩევნო პროცესების მართვა არჩევნების დღეს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.