ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, რომლებსაც შეუძლიათ, ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ტაქსების რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.
„ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ნებართვა, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება SMS კომუნიკაცია, დაბეჭდილილია შესაბამისი ფლაერები, რომლებიც ტაქსის მძღოლებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდება, რათა ამ გადაწყვეტილებებზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერები, პირველი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დაიშვა 11 ოქტომბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ, ისინი ასევე, შეძლებენ ვაუჩერების მიღებას.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი, რომელთაც ავტომობილი გამოცვალეს, უკმაყოფილო რჩებოდა, ხოლო ამ ცვლილებებით და რეგულაციების გამარტივებით მათ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააცნო.
„გარდა ამისა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თქვენ იცით, რომ ექსკლუზიურად A კატეგორიის ტაქსებისთვის გამოვყავით უფასო საპარკინგე ადგილები. გუშინ ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას მათ წარმოადგინეს დამატებით 14 მისამართი, 34 საპარკინგე ადგილზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონდე ტაქსებისთვის აღნიშნულ მისამართებზე პარკინგი დაემატოს. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 437 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება. მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა სიახლეები და რა თქმა უნდა, სრულ ინმფორმაციას მივაწვდით, როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზოგადად, ტრანსპორტი და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.