საქართველოს პრემიერმინისტრ, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე პერიოდი, საქართველოსთვის, იყო საოცარი მოგზაურობა, რომელსაც თან ახლდა დაბრკოლებები.
როგორც ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელზე აღნიშნა, საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია, ევროკავშირს წვლილი შეიტანოს ქვეყნის გარდაქმნაში და რა ძალა აქვს მას.
„საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაცაა. საქართველოსთვის კი, ევროკავშირთან დაახლოება მთავარი მისწრაფებაა. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ფაქტს, რომ ჩემი ერისთვის ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. ჩვენი წარსული და მომავალიც ევროპულია. ევროპული მისწარაფებისთვის ჩვენ ძალიან დიდი საფასურის გადახდა გვიწევს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საფასურის. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას და მუდმივად ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე. მიუხედვად ამისა, საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ არჩევანს. წლიდან წლამდე ჩვენ წინ მივიწევდით ამ პროცესში. იქნება ეს ბიზნესის კეთების სიმარტივე თუ ანტიკორუფციული კანონმდებლობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ და ბევრი სხვა მიღწევა. რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია ისტორიული მიღწევებია ჩემი ერისთვის. თუმცა, ჩვენ გვინდა წინ წავიწიოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.