“გავეცნოთ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან დასმულ შეკითხვაზე 2016 წლით დათარიღებული დოკუმენტების გავრცელებასთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ ლობისტები და მაია ცქიტიშვილი გიგი წერეთლისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, რათა არ გამხდარიყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
„გავეცნოთ თითოეული ჩვენგანი ამ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები. არა ერთხელ მახსოვს, როდესაც მსგავსი ინფორმაციებით საზოგადებას უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ფაქტი და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს იყო ელემენტარული ტყუილი. დავრწმუნდეთ ყველა და მერე მივცეთ შეფასება. ჩემი აზრით, მსგავსი მოსაზრება არის ძალიან დიდი ფანტაზიის ნაყოფი. დავრწმუნდეთ, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 2018 წლის 11 ივლისს აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს.
გიგი წერეთელი აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის სესიამდე დაიკავებს.