ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამიდას” აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასის გადახდა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო მამიდას მფლობელ როენა ხუცურაულს აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა აქვს. თავად ბრალდებული ბრალს აღიარებს.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – 15-ის.

ხუცურაულთან ერთად დაკავებულ ზინაიდა ქორიძეს კი 20 ათასის გადახდა აქვს შეფარდებული. ისიც გირაოს გადახდის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

“ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაულებრივი ქმედება. მოინანიეს დანაშაული. ასევე მზაობა გამოხატეს რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ მათ მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო. გაუთვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ის ობიექტი სადაც ხდებოდა დანაშაული ახლა დალუქულია”, – თქვა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა, მათ შორის სასტუმრო მამიდას მფლობელი როენა ხუცურაულიც.

იტვირთბა....