ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თემის კომენტირებისას განაცხადა.
რაც შეეხება ანკარაში გამართულ შეხვედრას, სადაც რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა მემორანდუმი გააფორმეს, პრემიერის თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნული შეხვედრა სხვა რაკურსის იყო, რადგან საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, პროექტს სხვა მოთამაშე შეუერთდეს.
„ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს, ვინაიდან სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა.