კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩანაწერის გამოქვეყნება ნიშნავს გამაფრთხილებელ აქციას, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იცის.
“მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაჩალიკაშვილის დაპატიმრებას არ აპირებენ. ეს იყო გამაფრთხლებელი აქცია, რომ მათ ყველაფერი იციან და აკონტროლებენ სიტუაციას. საქმე იმაშია, რომ ავთენტურობა თუ დადგინდა ამ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევდა ძმისშვილს, ძმისშვილმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა დავალების შესასრულებლად, მაგრამ პრაქტიკული განხორციელება პროცესის არ დაწყებულა. იგივე მომზადება იმ სასაფლაოს ტერტორიის, სადაც ტერაქტი უნდა მომხდარიყო. საზოგადოების საპროტესტო განწყობიდან გამომდინარე მაჩალიკაშვილს ხელისუფლება არ დააკავებს”, – აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.