მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
მისი შეფასებით, ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე. აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის. დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე აბსოლუტურად ცალკეა და მას პროკურატურა იძიებს.
„რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული საქმე სავარაუდოდ ორი თვის ვადაში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.