მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.